მათ. 5
ქადაგება მთაზე
1 დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. 2 მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: 3 „ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4 ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. 6 ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7 ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. 8 ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9 ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.
10 ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. 11 ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. 12 იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი
13 თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. 14 თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. 16 ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად
17 არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. 18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19 ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. 20 ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
მრისხანებაზე და მკვლელობაზე
21 თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: ‘არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება.’ 22 მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის – სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. 23 ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,
24 მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. 25 შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. 26 ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
გულისთქმით შეხედვა
27 გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ 28 მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. 30 თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს.
გაყრისათვის
31 ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’ 32 მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ 34 მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. 35 არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. 37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ‘ჰო’ ჰო! ‘არა’ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.
თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც
38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’ 39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. 41 ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი. 42 ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
შეიყვარეთ თქვენი მტრები
43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
46 ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? 47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48 მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
მათ. 6
სწავლება მოწყალებისათვის
1 ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. 2 ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4 რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
ლოცვისათვის
5 როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6 შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. 8 ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.
მამაო ჩვენო
9 თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. 10 მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 11 პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. 12 და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
13 და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. 14 ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.15 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
მარხვისათვის
16 ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, 18 რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.
19 ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20 დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21 ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
თვალი სანთელია
22 სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?
ორი ბატონის სამსახური
24 არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. 25 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? 26 შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
27 რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? 28 სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29 მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31 ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? 32 ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.
33 თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. 34 ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.
მათ. 7
წველი და დირე
1 ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. 2 ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. 3 რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4 ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
5თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. 6 ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
ეძებეთ და იპოვით
7 ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. 8 ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. 9 არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10 ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს?
11 ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს. 12 ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
როგორც ვიწრო გზა სიცოცხლისაკენ
13 შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. 14 ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.
ცრუწინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა
15 ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. 16 მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? 17 ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
18 არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება.19 ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. 20 ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
არა ყველა, რომელიც მეუბნება: „უფალო, უფალო!“
21 ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.’
გონიერი და უგუნური მშენებლები
24 ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. 25 მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26 ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.“
როგორც ხელმწიფების მქონე
28 როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. 29 ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.