მათ. 21:23 – 46
რომელი ხელმწიფებით
23 როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 24 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 25 საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას?
26 თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“ 27 მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
იგავი ორ ძეზე
28 „აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’ 29 მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა. 30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა. 31 ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა.“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. 32 ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე
33 „მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. 34 რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. 35 მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს.
36 კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. 37 ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. 38 მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’ 39 და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს.
40 აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“ 41 უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.“ 42 უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’?
43 ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. 44 ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს.“ 45 მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. 46 ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
მათ. 22
საქორწილო ნადიმი
1 და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: 2 „ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. 3 გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. 4 კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’
5 მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. 6 სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7 ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. 8 მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.
9 ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’ 10 და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. 11 როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა, 12 უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა.
13 მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ 14 ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.“
კეისარს – კეისრისა და ღმერთს – ღვთისა
15 მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. 16 და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას.
17 ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ 18 იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? 19 მიჩვენეთ სახარკო მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი. 20 უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ 21 უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!“ 22 ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.
მკვდრეთით აღდგომაზე
23 იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას: 24 „მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. 26 ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
27 ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. 28 ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“ 29 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა. 30 ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
31 ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული: 32 ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.“ 33 ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
უდიდეს მცნებაზე
34 როცა ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ. 35 ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას: 36 „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“ 37 მან უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’
38 ეს არის პირველი და დიდი მცნება. 39 და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ 40 ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“
იესო ეკითხება ფარისევლებს
41 როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ: 42 „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა.“ 43 უთხრა მათ: „აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს: 44 ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად’?
45 თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“ 46 ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.
მათ. 23
იესო ამხილებს ფარისევლებს
1 მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს. 2 უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. 3 ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ. 4 კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.
5 ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; 6 უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში, 7 და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’
8 თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9 ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი. 10 ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე.
11 უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. 12 ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.
შვიდგზის „ვაი თქვენ!“
13 „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. 14 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
15 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად. 16 ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. 17 უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
18 და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო. 19 ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს? 20 ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21 და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. 22 და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც. 23 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში – განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.
24 ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო! 25 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. 26 ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. 28 ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. 29 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს.
30 ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31 ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. 32 ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო! 33 იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
წინასწარმეტყველთა დევნა
34 „ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში. 35 გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით.
36 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას.
საყვედური იერუსალიმს
37 „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. 38 აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი. 39 ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“