რჯლ. 28
კურთხევაზე
1 და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა. 2 და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. 3 კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში.
4 კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. 5 კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები.
6 კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას. 7 და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. 8 მოგივლენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი.
9 და დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად, როგორც შემოგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს და ივლი მისი გზებით. 10 და დაინახავენ ქვეყნის ყველა ხალხები, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული, და შეეშინდება შენი.
11 და გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში იმ ქვეყანაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს. 12 გაგიხსნის უფალი თავის კეთილ საუნჯეს, ზეცას, რათა მისცეს წვიმა შენს მიწას თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი საქმე. შენ ასესხებ მრავალ ერს, შენ კი არ ისესხებ.
13 და გაგხდის შენ უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად. 14 და არ გადაუხვევ არცერთ სიტყვას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, მარჯვნივ და მარცხნივ, რომ იარო სხვა ღმერთების კვალზე მათდა სამსახურად.
წყევლაზე
15 და თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყოველი მისი მცნება და მისი წესები, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ. 16 და წყეულიმც იყავ ქალაქში და წყეულიმც იყავ მინდორში. 17 წყეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაო. 18 წყეულიმც იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა.
19 წყეულიმც იყავ შესვლისას და წყეულიმც იყავ გამოსვლისას. 20 მოგივლენს უფალი წყევლას, არეულობას და წარუმატებლობას შენი ხელის ყოველ საქმეში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ მოისპობი და არ დაიღუპები მალე შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
21 მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ მოისპობი შენი ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. 22 და მოგსრავთ უფალი ჭლექით და ციებით, და ანთებით და ხურვებით, და გვალვით, და ხორშაკით და სიყვითლით. და ისინი დევნას დაგიწყებენ, ვიდრე არ დაიღუპები. 23 ცა თავზე სპილენძად გექცევა, და მიწა, რომელიც შენს ქვეშაა, რკინად.
24 წვიმის წილ უფალი შენს მიწას მისცემს მტვერს და ფერფლი, ზეციდან ზედ დაგივა, ვიდრე არ შეიმუსრები. 25 დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე. ერთი გზით გახვალ მათკენ და შვიდი გზით გაიქცევი მათგან. და იქნები გაფანტული ქვეყნის ყველა სამეფოში. 26 და შენი გვამი ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მათი მომგერიებელი.
27 მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით და ბუგრით, მუნით, და ქეცით, რომელთაგანაც ვერ განიკურნები. 28 მოგსრავს უფალი სიგიჟით და სიბრმავით, და შეშლილობით, 29 და ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის ხელის ცეცებით წყვდიადში. და ხელი მოგეცარება შენს გზებზე და იქნები დათრგუნული და გაძარცვული დღენიადაგ, და არავინ გიშველის. 30 ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან. სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში. ვენახს გააშენებ და ვერ გასხლავ მას.
31 შენი ხარი დაიკვლება შენს თვალწინ და ვერ შეჭამ. სახედარს მოგტაცებენ და აღარ დაგიბრუნდება. შენი ცხვარი ხელში ჩაუვარდება შენს მტრებს და არავინ გეყოლება გამომხსნელი. 32 შენი ძენი და შენი ასულნი ხელში ჩაუვარდებიან სხვა ხალხს. და თვალები დაგაწყდება მათს გზაზე ყურებით მთელი დღე და უძლური იქნება შენი ხელი.
33 შენი მიწის ნაყოფს და მთელს შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობდი. და იქნები შენ დათრგუნული და დამსხვრეული დღენიადაგ. 34 და შეიშლები სახილველისგან, რასაც იხილავენ შენი თვალები.
35 და მოგსრავს უფალი ავი წყლულით მუხლებზე და წვივებზე, რომლისგანაც ვერ განიკურნები, ფეხის ტერფიდან თხემამდე. 36 და წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები, და ემსახურები იქ სხვა ღმერთებს – ძელსა და ქვას. 37 და იქნები საფრთხობელად, იგავად და სასაცილოდ ყველა ხალხს შორის, რომელთანაც მიგიყვანს უფალი.
38 მრავალ თესლს გაიტან ყანაში და ცოტას მოიწევ, რადგან მოსპობს მას კალია. 39 გააშენებ ვენახებსა და დაამუშავებ, და ღვინოს ვერ შესვამ, და ვერ მოკრეფ, რადგან მას ჭია შეჭამს. 40 ზეთისხილი გექნება მთელ მიწა-წყალზე და ვერ წაიცხებ ზეთს, რადგან ძირს დაცვივა ნაყოფი.
41 ძეებსა და ასულებს გააჩენ და შენები არ იქნებიან, რადგან ტყვეობაში წავლენ. 42 ყოველ შენს ხეს და შენი მიწის ნაყოფს კალია დაეპატრონება. 43 ხიზანი, რომელიც შენს წიაღშია, წავა მაღლა და მაღლა, შენ კი დაბლა და დაბლა დაეშვები. 44 ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას. ის თავად იქნება, შენ კი კუდად იქნები. 45 და მოგეწევა ყოველი ეს წყევლა, და დაგედევნება ვიდრე არ მოისპობი, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებები და მისი წესები, რომლებიც გიბრძანა.
46 და იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე ნიშნად და სასწაულად უკუნისამდე. 47 იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულით და კეთილი გულით ყველა სიუხვისათვის. 48 და მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში და წყურვილში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში. და დაგადგამს რკინის უღელს ქედზე, სანამ არ მოგსპობს.
49 და მოგისევს უფალი ერს შორიდან, ქვეყნის კიდიდან. არწივივით დაგაცხრება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ, 50 თავხედი ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არა მიაგებს და ყრმას არ შეიწყალებს. 51 და შეჭამს იგი შენი საქონლის შობილს და შენი მიწის ნაყოფს, სანამ არ მოისპობი ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი მსხვილფეხა პირუტყვის, და არც შენი წვრილფეხა პირუტყვის ნამატს, სანამ არ დაგღუპავს.
52 და შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაგიმხობს მაღალ და მაგარ გალავნებს, რომელთა იმედიცა გაქვს, მთელს შენს ქვეყანაში. და შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელს შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა. 53 და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი. 54 შენს შორის ნაფოფინები და ძალზე ნანებივრები კაცი უმოწყალოდ დაუწყებს ყურებას თავის ძმას, თავის უბესთან მყოფ ცოლს და თავის დანარჩენ შვილებს, რომლებიც მას შერჩება.
55 არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში. 56 განაზებული და ნანებივრები ქალი შენს შორის, რომელსაც არ უცდია თავისი ფეხის ტერფის მიწაზე დაკარება, ნებივრობისა და სინაზის გამო, უწყალოდ შეხედავს თავის უბესთან მყოფ ქმარს, თავის ძეს და თავის ასულს, 57 და თავის მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებს შორის, და თავის შვილებს, რომელთაც გააჩენს, რადგან ფარულად შეჭამს ყველაფერს გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროვებს შენ მტერი შენს კარიბჭეებში.
58 თუ არ დაიცავ შესასრულებლად ამ რჯულის ყოველ სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი, რათა გაშინებდეს ეს დიდებული და საშინელი სახელი: უფალი, ღმერთი შენი, 59 უფალი შეგყრის შენ და შენს შთამომავლობას გაუგონარ წყლულს, დიდ და უკურნებელ წყლულებს, ბოროტ და უკურნებელ სნეულებებს.
60 და შემოგიქცევს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და შეგეყრება. 61 აგრეთვე ყველა სნეულებასა და წყლულს, რომელიც არ სწერია ამ რჯულის წიგნში, მოგივლენს უფალი, სანამ არ მოისპობი. 62 და მცირედნი დარჩებით, ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი რომ იყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის, ხმა. 63 და როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს უფალი თქვენზე, როცა დაგღუპავთ და მოგსრავთ და აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
64 და გაგფანტავს უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, და დაემსახურები იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით შენ და შენი მამები – ძელსა და ქვას. 65 და ამ ერთა შორისაც ვერ დამშვიდდები, და არ ექნება მოსვენება შენი ფეხის ტერფს, და მოგცემს უფალი იქ აფორიაქებულ გულს, თვალთა კლებას და სულის ჭმუნვას.
66 ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინ, შიშში იქნები ღამე და დღე და არ იქნები დაჯერებული შენს სიცოცხლეში. 67 დილაზე იტყვი: „ოჰ, ნეტავ საღამო იყოს!“ და საღამოს იტყვი: „ოჰ, ნეტავ დილა იყოს!“ შენი გულის შიშის გამო, რომლითაც შეგეშინდება და შენი თვალების სანახავის გამო, რასაც დაინახავ. 68 და დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: „აღარ იხილავ მას!“ და მიეყიდებით იქ თქვენს მტრებს მსახურებად, მხევლებად, მყიდველი კი იქნება.
რჯლ. 29
აღთქმის განახლება
1 აჰა, სიტყვები აღთქმისა, რომელნიც უფალმა ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში. 2 და მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს და ყველა მის მსახურს და მთელ მის ქვეყანას თქვენს თვალწინ, 3 ის დიდი სასჯელები, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.
4 და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალნი სახილველად და ყურნი სასმენელად. 5 და გატარებდი ორმოცი წელიწადი უდაბნოში. არ შემოგცვეთია ტანზე სამოსელი და არ დაგცვეთია ფეხზე ფეხსამოსი. 6 პური არ გიჭამიათ და ღვინო და მაგარი სასმელები არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7 და მოხვედით ამ ადგილას. და გამოვიდნენ სიხონი – ხეშბონის მეფე, და ყოგი – ბაშანის მეფე, ჩვენს წინააღმდეგ საომრად და ჩვენ დავამარცხეთ ისინი. 8 და ავიღეთ მათი ქვეყანა, და მივეცით ის სამკვიდროდ რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომს. 9 დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ. 10 ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე: თქვენი ტომის მთავრები, თქვენი უხუცესები, თქვენი ზედამდგომელნი, ისრაელის ყოველი კაცი,
11 თქვენი პატარები, თქვენი ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შენი შეშის დამჭრელიდან შენი წყლის მხაპავამდე, 12 რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის, აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გიდებს დღეს, 13 რათა დაგაყენოს დღეს თავის ერად. და თვითონ შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და როგორც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს.
14 და მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ მე ამ აღთქმას და ამ ფიცს, 15 არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან აქ დღეს. 16 რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გამოიარეთ.
17 და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები და მათი კერპები ძელისა და ქვისა, ვერცხლისა და ოქროსი, რომელნიც მათ ჰქონდათ. 18 ნუ იქნება თქვენს შორის კაცი ან დედაკაცი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი შხამისა და აბზინდის გამომღები, 19 ისეთი კაცი, რომელიც როცა მოისმენს ამ წყევლის სიტყვებს, გულში თავს იკურთხებს და იტყვის: „მშვიდობა მექნება, თუმცა ჩემი გულის ნებაზე დავდივარ“, და ამგვარად დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპება.
20 არ ინდომებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან. 21 და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22 და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი ძენი, რომელნიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და იხილავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა: 23 გოგირდი და მარილი, ნახანძრალი – მთელი ქვეყანა. არ დაითესება და არ აღმოცენდება მასში არც ერთი ბალახი, როგორც დაიქცა სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და თავისი წყრომით“.
24 და იტყვის ყველა ხალხი: „რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?“ 25 და იტყვიან: „იმისათვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოჰყავდა, 26 და წავიდნენ და ემსახურნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანი სცეს მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც უფალს არ უწილხვედრებია მათთვის.
27 და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ ქვეყანაზე, რათა მიევლინა მასზე მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი. 28 და განდევნა ისინი უფალმა მათი მიწიდან რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით. და გადაყარა სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის. 29 დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა.
რჯლ. 30
ისრაელის მონანიება
1 და როცა მოაწევს შენზე ყოველი ეს სიტყვა – კურთხევისა და წყევლისა, რომელნიც გადმოვეცი შენს წინაშე, და მიიტან ამას შენს გულთან ყველა იმ ხალხს შორის, სადაც გაგდევნის შენ უფალი, შენი ღმერთი, 2 და დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და შეისმენ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გიბრძანებ დღეს, 3 მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, და კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.
4 და თუმცა კი შენ გაფანტული იყავი ცის კიდემდე, მაინც შეგკრებს იქიდან უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს. 5 და მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ შენს მამებს, და შენც დაიმკვიდრებ მას. და სიკეთეს გიზამს და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.
6 და წინადაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო. 7 და მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელ ამ წყევლას შენს მტრებზე და შენს მოძულეებზე, რომელნიც გდევნიდნენ შენ. 8 შენ კი მოიქცევი და შეისმენ უფლის ხმას და შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს.
9 და აღავსებს სიუხვით უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ – შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს სასიკეთოდ, რადგან უფალი კვლავ გაიხარებს შენით სასიკეთოდ, როგორც შენი მამებით ხარობდა. 10 თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც ჩაწერილია ამ რჯულის წიგნში, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით. 11 რადგან ეს მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, არ არის შენთვის საძნელო და მიუწვდომელი.
12 ცაში არ არის იგი, რომ თქვა: „ვინ ავა ჩვენთვის ზეცაში და ჩამოგვიტანს მას, შეგვასმენს მას, რომ შევასრულოთ?“ 13 არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქვა: „ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და წამოგვიღებს მას და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?“ 14 რადგან ეს სიტყვა ძალზე ახლოსაა შენთან: ის შენს ბაგეებშია და შენს გულში, რათა შეასრულო.
15 ნახე, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება, 16 და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და სამართალნი, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17 ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და ემსახურები მათ, 18 მე დღესვე გაუწყებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეს, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად.
19 მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ, 20 რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს – აბრაამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად.