რუთ. 1
რუთი და ნაყომი
1 ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დღეებში, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. იუდას ბეთლემიდან მოაბის ველებზე საცხოვრებლად წავიდა ერთი კაცი თავისი ცოლითა და ორი ვაჟით. 2 იმ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს – ნაყომი, მის ორ ვაჟს ერქვა მახლონი და ქილიონი, და ისინი იყვნენ ეფრათელნი იუდას ბეთლემიდან. და მივიდნენ მოაბის ველებზე და იყვნენ იქ. 3 და მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით.
4 და მოიყვანეს ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, ხოლო მეორისა რუთი. და ცხოვრობდნენ ისინი იქ ათიოდე წელი. 5 დაიხოცნენ ეს ორნიც: მახლონი და ქილიონი, და დარჩა ის ქალი მარტო თავისი ქმრისა და ორი ვაჟის გარეშე. 6 მერე ადგა იგი თავისი რძლებითურთ, და უკან დაბრუნდა მოაბის ველებიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველებზე, რომ უფალმა მოხედა თავის ხალხს და მისცა მათ პური. 7 და გავიდა იგი თავის რძლებთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და გაუდგნენ გზას, რომ იუდას ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ.
8 და უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: „წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში! და წყალობა გამოიჩინოს თქვენზე უფალმა, როგორც თქვენ გამოიჩინეთ მკვდრებზე და ჩემზე! 9 უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე თქვენ-თქვენი ქმრის სახლში!“ და გადაკოცნა ისინი, მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს,
10 და უთხრეს ნაყომის: „ჩვენ წამოგყვებით შენს ხალხთან!“ 11 უთხრა: ნაყომიმ: „გაბრუნდით, ჩემო ასულებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ? 12 დაბრუნდით, ჩემო ასულებო, წადით! რადგან საიმისოდ დავბერდი, რომ ქმარი ვიყოლიო; კიდევაც რომ მეთქვა, იმედი მაქვს-მეთქი, კიდევაც რომ ვიქნე ქმართან ამაღამ და ვშობო ვაჟები, 13 ნუთუ დაელოდებით თქვენ მათ დაზრდას? ნუთუ გათხოვებაზე თავს შეიკავებთ? არა, ჩემო ასულებო, ეს ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი!“
14 მაშინ აღიმაღლეს მათ ხმა და ატირდნენ კვლავ. შემდეგ გამოეთხოვა ყორფა თავის დედამთილს, რუთი კი მიეკრო მას. 15 უთხრა „აჰა, შენი მაზლის ცოლი თავის ხალხს და თავის ღმერთებს უბრუნდება. მიჰყევი შენი მაზლის ცოლს!“
16 და თქვა რუთმა: „ნუ მთხოვ შენს მიტოვებას და შენგან წასვლას, რადგან სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე, და სადაც შენ დაიღამებ, მეც იქ უნდა დავიღამო. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთია. 17 სადაც შენ მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს მე უფალმა და უარესიც მიყოს, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
18 და რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან წასვლა, მეტი აღარა უთხრა რა. 19 და იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. და ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო, და კითხულობდნენ: „ნუთუ ესაა ნაყომი?“ 20 მაგრამ ნაყომიმ უთხრა მათ: „ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, დამიძახეთ მარა, რადგან მეტისმეტად გამამწარა მე ყოვლადძლიერმა.
21 მე სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რად მეძახით მე ნაყომის, როცა უფალმა გამტანჯა, და ყოვლისმპყრობელი უბედურება დამათია?“ 22 და დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველებიდან წამოჰყვა მას. ქერები იჭრებოდა, როცა ბეთლემში მივიდნენ ისინი.
რუთ. 2
რუთი ბოყაზის ყანებში
1 ნაყომის მოკეთე ჰყავდა ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ერთი შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი. 2 და უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: „წავალ მე ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიაც მადლს ვიპოვნი.“ და უთხრა: „წადი, ჩემო ასულო!“ 3 წავიდა ის და მივიდა, და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ აღმოჩნდა იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
4 და აჰა, მოვიდა ბოყაზი ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: „უფალი იყოს თქვენთან!“ და მიუგეს: „უფალმა გაკურთხოს!“ 5 და ჰკითხა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?“
6 და მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: „მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომისთან ერთად არის მოსული მოაბის ველებიდან; 7 გვითხრა: ‘მაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზე.’ და მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს აქამდე. სახლში თითქმის არ ჩერდება.“ 8 და მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: „გამიგონე, ასულო ჩემო, ნუ წახვალ ასაკრეფად სხვა ყანაში. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
9 თვალს ნუ მოაშორებ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ნაბრძანები მაქვს ბიჭებისათვის, არ დაგიშალონ, როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს.“ 10 და დაემხო რუთი პირქვე, და თაყვანისცა მას მიწამდე. და უთხრა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი მიმიღე?“. 11 და მიუგო ბოყაზმა და უთხრა მას: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისათვის გააკეთე ქმრის სიკვდილის შემდეგ – მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა რომ მიატოვე, და მოხვედი ხალხში, რომელსაც არ იცნობდი არც გუშინ და არც გუშინწინ.
12 უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან ისრაელის ღმერთისაგან, რომლის ფრთებქვეშ შესაფარებლადაც შენ მოხვედი.“ 13 და უთხრა: „მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, რაკი მანუგეშე და გულითადად მელაპარაკე შენს მხევალს, თუმცა კი ერთი შენი მხევლის ღირსიც კი არა ვარ.“
14 და უთხრა მას ბოყაზმა: „მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში.“ და დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით, და მიაწოდა მას ბოყაზმა ქუმელი. და მან ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა. 15 და ადგა ასაკრეფად. ბოყაზმა უბრძანა თავის ბიჭებს და უთხრა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, და ნუ დააყვედრით მას.
16 და ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს და ნუ დაამადლით.“ 17 და საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში, დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი. 18 და აიღო და წავიდა ქალაქში, და ნახა მისმა დედამთილმა მისი ანაკრეფი. და გამოიღო რუთმა და მისცა დედამთილს, რაც დარჩა დანაყრების შემდეგ. 19 და ჰკითხა მას დედამთილმა: „სად ჰკრეფდი შენ დღეს და სად შრომობდი? კურთხეული იყოს, ვინც შენ მიგიღო!“ და უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „იმ კაცს, ვისთანაც დღეს ვშრომობდი, ბოყაზი ჰქვია.“
20 და უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „კურთხეული იყოს ის უფლისაგან, რადგან წყალობა არ მოაკლო ცოცხლებს და მკვდრებს.“ და უთხრა მას ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი სანათესაოდან არის.“ 21 და თქვა მოაბელმა რუთმა: „მან ისიც მითხრა: ‘დარჩი ჩემს მხევალთან, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიან.’“ 22 და უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: „კარგია, ჩემო ასულო, რომ მის მხევლებთან ერთად გახვალ, რათა არავინ გადაგაწყდეს სხვა ყანაში!“
23 და მართლაც ბოყაზის მხევლებთან იყო რუთი, კრეფდა თავთავს, ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. და ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად.
რუთ. 3
რუთი და ბოყაზი კალოზე
1 და უთხრა რუთს ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: „ჩემო, ასულო, განა არ უნდა მოგიძებნო შენ სახლი, რომელიც შენ სიკეთეს მოგანიჭებს? 2 აჰა, ჩვენი ნათესავი არ არის ბოყაზი, რომლის მხევლებთანაც ნამყოფი ხარ? და აჰა, იგი ამაღამ კალოზე ქერს ანიავებს. 3 დაიბანე, იცხე და გამოეწყვე სამოსელში, და მერე წადი კალოზე, მაგრამ არ დაენახო მას, ვიდრე ჭამა-სმას არ მორჩება.
4 ხოლო როცა დაწვება, გაიგე ის ადგილი, სადაც ის დაწვება და მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი. და ის თავად გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე!“ 5 უთხრა: „რაც მითხარი ყოველივეს შევასრულებ.“ 6 და წავიდა იგი კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა უბრძანა. 7 და ჭამა და სვა ბოყაზმა, და გაუხალისდა გული. წავიდა ზვინთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, ფეხებთან გადახადა და მიუწვა. 8 და შუაღამისას შეკრთა კაცი და წამოიწია და აჰა, ფეხებთან ქალი უწევს!
9 თქვა: „ვინა ხარ?“ და უთხრა: „რუთი ვარ, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს შენი სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ.“ 10 „კურთხეულ იყავ უფლისაგან, ჩემო ასულო! რაც ახლა სიკეთე ქენი, პირვანდელზე უკეთესია, რაკი ყმაწვილთაგანს ვინმეს არ წაჰყევი, არც ღარიბს და არც მდიდარს! 11 და ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია! ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ.
12 ახლა, მართალია, ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს. 13 გაათიე ეს ღამე და დილით, თუ ის გამოგიხსნის, ხომ კარგი, გამოგიხსნას, ხოლო თუ შენს გამოხსნას არ ისურვებს, მაშინ მე გამოგიხსნი, ვფიცავ უფალს! და იწექი აქ დილამდე.“ 14 და იწვა რუთი მის ფერხთით დილამდე, და ადგა, დილაბნელზე და უთხრა მას ბოყაზმა: „არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.“ 15 უთხრა რუთს: „მოიტა ეგ თავშალი, რომ გახურავს და ხელში დაიჭირე.“ და მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერი და ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
16 და მივიდა თავის დედამთილთან, და უთხრა: „რა იყო, ჩემო ასულო?“ და მან მოუთხრო ყოველივე, რაც იმ კაცმა გაუკეთა. 17 და თქვა: „ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, რადგან მითხრა, ხელცარიელი ნუ წახვალო დედამთილთან“. 18 და უთხრა: „დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე შეიტყობდე, თუ რით დამთავრდება საქმე, რადგან ეს კაცი არ მოისვენებს, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ყველაფერს.“
რუთ. 4
ბოყაზი ირთავს რუთს
1 გავიდა ბოყაზი კარიბჭესთან, და იქ ჩამოჯდა. და აჰა, იმ ახლო ნათესავმა უნდა ჩაიაროს, ვისზეც, ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა მას: „მოდი და აქ ჩამოჯექ!“ და ისიც მივიდა და ჩამოჯდა. 2 და მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან, და უთხრა მათ: „დასხედით აქ.“ და დასხდნენ ისინი. 3 და უთხრა მან ნათესავს: „ნაყომი, რომელიც დაბრუნდა მოაბის ველიდან, ჰყიდის ყანის ნაკვეთს, რომელიც ჩვენს ძმას, ელიმელექს ეკუთვნოდა.
4 და მე ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის და მეთქვა: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გამოიხსნი, გამოიხსენი, და თუ არ გამოიხსნი, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენს მეტს არავის არა აქვს გამოხსნის უფლება. შენს შემდეგ კი მე ვარ.“ და უთხრა მას ნათესავმა: „თანახმა ვარ გამოვიხსნა.“ 5 და თქვა ბოყაზმა: „როცა ყანას გამოისყიდი ნაყომის ხელიდან და მოაბელი რუთისაგან, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში.“
6 თქვა იმ ნათესავმა: „ვერ გამოვიხსნი. ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრებელი. შენ გამოიხსენი ქალი, რადგან მე ვერ გამოვიხსნი.“ 7 ასეთი წესი ჰქონდათ უწინ ისრაელში გამოხსნაზე, გაცვლაზე, ან რაიმე საქმის დადასტურებაზე: ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა. ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში.
8 და უთხრა იმ ნათესავმა: „შენთვის გამოისყიდე!“ და გაიძრო ფეხსაცმელი. 9 და უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „დღეს თქვენ მოწმენი ხართ, გამოვისყიდე ნაყომის ხელიდან ელიმელექის მთელი საბადებელი, ქილიონის და მახლონის მთელი საბადებელი. 10 ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, ცოლად გამოვისყიდე, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის ძმებს შორის თავისი ადგილსამყოფლის კარიბჭიდან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!“
11 და უთხრეს კარიბჭესთან მდგომმა მთელმა ხალხმა და უხუცესებმა: „მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი რახელივით და ლეასავით, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი. ღირსეულად მოიქეცი ეფრათში და სახელი გაითქვი ბეთლემში! 12 და გახდეს შენი სახლი, როგორც სახლი ფერეცისა, რომელიც უშვა თამარმა იუდას, იმავე თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისგან.“
13 და წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. და შევიდა მასთან, და მისცა უფალმა რუთს ორსულობა და შვა ვაჟი. 14 და დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: „კურთხეულია უფალი, რომელმაც არ მოგიშალა ნათესავი დღეს! განდიდდეს მისი სახელი ისრაელში! 15 ის იყოს განმაახლებელი შენი სიცოცხლისა და მარჩენალი შენი სიბერისა, რადგან იგი გააჩინა შენმა რძალმა, რომელსაც უყვარხარ და რომელიც შვიდ ვაჟიშვილზე მეტია შენთვის.“
16 და მიირქვა ნაყომიმ ყმაწვილი, კალთით ატარებდა, და გახდა მისი გამდელი. 17 და სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს და თქვეს: „ვაჟი შეეძინა ნაყომის.“ და დაარქვეს სახელად ყობედი. იგი იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18 აჰა, შთამომავლობა ფერეცისა: ფერეცმა შვა ხეცრონი, 19 და ხეცრონმა შვა რამი, და რამმა შვა ყამინადაბი, 20 და ყამინადაბმა შვა ნახშონი, და ნახშონმა შვა სალმონი, 21 და სალმონმა შვა ბოყაზი, და ბოყაზმა შვა ყობედი, 22 ყობედმა შვა იესე, და იესემ შვა დავითი.